ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი კახაბერ კამლაძეა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებას ედავება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული დაცვის პოლიციის უფროსი ინსპექტორია. ის გიჩო მარგველაშვილის ნათესავის დაცვა იყო და იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. სწორედ კამლაძემ ესროლა საპასუხოდ საბა გახოკიას , რომელიც ადგილზე დაიღუპა.
გახოკიას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ სახლში გადაასვენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგებაშვილზე მომხდარი ანგარიშსწორების მოტივი წარსულში დაწყებული კონფლიქტია.
მკვლელობა გოგებაშვილის ქუჩაზე 4 მაისს მოხდა. "მთავარმა არხმა" შემთხვევის ადგილის ექსკლუზიური კადრები მოიპოვა, სადაც ჩანს, როგორ ესროლა თავდამსხმელმა საბა გახოკიამ ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს, რის შემდეგაც გარჩევაში ჩაერთო მარგველაშვილის დაცვა, რომელმაც გახოკიას საპასუხოდ ესროლა. გახოკია ადგილზე დაიღუპა.