თუ 26 მაისს ვაპირებთ, პატრიოტული სიტყვებით გამოვიდეთ და ამ დროს სხვა რამე ხდებოდეს ქვეყანაში, ეს სასაცილოა- ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში ლავროვის შვილის შემოსვლას გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.

ზურაბიშვილის ინფორმაციითვე, საქართველოში ლავროვის ოჯახის წევრების ქორწილი აღარ გაიმართება.

"მე ვიცი, რომ დღეს ჩვენ საზოგადოება ძალიან აღელვებულია და შემიძლია ვთქვა, რომ მეც. ვუახლოვდებით 26 მაისს და თუ 26 მაისს ვაპირებთ, მაღალფარდოვანი პატრიოტული სიტყვებით გამოვიდეთ და ამ დროს სხვა რამე ხდებოდეს ქვეყანაში, ეს სასაცილოა თუ არა სატირალი. მაგრამ მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ამაზე პასუხი არც სასოწარკვეთილებაა და არც უიმედობა.

პირველ რიგში, მივიღე ბოლოს პირობა, შსს-ს მინისტრისგან, რომ წასული არიან ის ოჯახი და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ესაა საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება, როგორც თავის დროზე გავრილოვის ქვეყნიდან გასვლა იყო.

მაგრამ ესაა ერთი ინციდენტი და ამით არ იხსნება პრობლემა, მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხ, აღიზიანებდეთ თქვენს ხალხ. ჯერ დაიწყო ფრენები, ვიღაცები დადიან და გვეუბნებიან თუ რამდენად გახარებული არიან, რომ ეს ფრენები აღდგა. ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, რომელმაც კარგად იცის, როგორ უნდა დაიცვას თავისი ღირსება, დამოუკიდებლობა და არავის საჩუქარი მას არ სჭირდება და პირველ რიგში არა იმ ქვეყნისგან, რომელიც ჩვენი მუდმივი ოკუპანტია", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას საზღვრების გაკონტროლებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას სია, რომელშიც ყველა სანქცირებული პირი იქნება შეყვანილი და უნდა გაკონტროლდეს, რომ ეს ადამიანების საზღვარზე არ შემოვიდნენ.

"მთავრობას აქვს თავისი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში საზღვარი უნდა იყოს დაცული. რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა, რას ნიშნავს სანქცირებული, თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც უშუალოდ პუტინის წრეა, ქვეყანაში ჩამოდის და არ ვიცით?

გუშინ არ იცოდნენ, რომ სააკაშვილი შემოსული იყო, დღეს არ იციან, რომ შემოდიან რუსები, სანქცირებული რუსები, როგორც უნდათ. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, საჩქაროდ შემოიტანოს სიები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, რომლებიც აწესებენ სანქციებს, სიები ვინ არიან სანქცირებული და ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ ყველა საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, ვინც სანქცირებულია. ესაა ამ ქვეყნის მინიმუმი დაცვა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, ზურაბიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით აირზენას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და როგორც განაცხადა, მან ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა.

"მე ჩემთვის ვაწესებ ბოიკოტს აირზენაზე რომელიც კომპანიაა, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი [რუსეთი], რომ გამდიდრდეს. ასე იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. მე ასევე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, სანამ ის აირზენას ხელში იქნება, რომ კიდევ ამით არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფრისთვის მზადაა და ვნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები", - თქვა ზურაბიშვილმა.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი