ლონდონის ბაღში დაჭრილის საქმეზე დაკავებული 23 წლის ბაჩანა ციცქიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული "თავის თავზე აიღო". ინციდენტი გუშინ, 3 აგვისტოს, ლონდონის ბაღში მოხდა, სადაც საბა გაბედავა და ნიკა ჩაჩუა დაჭრეს.
ადვოკატის თქმით, ლონდონის ბაღში მომხდარ ინციდენტში ბაჩანა ციცქიშვილი არ მონაწილეობდა.
ის ადამიანი ამის გამკეთებელი არ იყო, რომ დავსხედით და ველაპარაკე, მან თავის თავზე აიღო ყველაფერი, ვერ გეტყვით, რამ განაპირობა, ფსიქოლოგიური ზეწოლა განვიცადეო, უბრალოდ, არ დააკონკრეტა, ეს პოლიცია იყო თუ ვიღაც სხვა, ამას გავყვებით და გავარკვევთ, - თქვა ადვოკატმა ცოტნე ჭკადუამ.
რაც შეეხებათ დაჭრილებს, ორივე დაშავებული ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული და ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქმეზე გამოძიება 2 ან მეტი პირის დაჭრის მუხლით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტი გუშინ, 3 აგვისტოს, ლონდონის ბაღში მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდები - საბა გაბედავა და ნიკა ჩაჩუა მეგობრები არიან. ისინი დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათივე კლასელები შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი სწორედ მათთან მოუვიდათ, თუმცა რა გახდა მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.