როინ მეტრეველს მეცნიერებათა აკადემიაში დაცული კომუნიკაციებისთვის ახალი სამთავრობო ტელეფონების შეძენა სურს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას ახალი სამთავრობო სატელეფონო აპარატურის შესყიდვა სურს, - ინფორმაციას გამოცემა "ნეტგაზეთი" ავრცელებს და წერს, რომ აკადემიის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, როინ მეტრეველმა, შესაბამისი წერილით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 14 ივნისს მიმართა.

მეტრეველის მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მეცნიერებათა აკადემია სპეციალური სატელეფონო ქსელის ექსკლუზიური მომსახურებით სარგებლობს, რათა საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირებთან და სახელისუფლებო სტრუქტურებთან “დახურული საშუალებით” კომუნიკაცია უზრუნველყოს. როინ მეტრეველი აკადემიაში ამჟამად განთავსებული მწყობრიდან გამოსულ აპარატურაზე წუხს. 

“ვინაიდან აკადემიის სარგებლობაში არსებული სამთავრობო სატელეფონო აპარატურა (4 ერთეული აპარატი და სატელეფონო სადგური) ამ ეტაპზე გამოვიდა მწყობრიდან და შეუძლებელია მისი შემდგომი ექსპლუატაცია განახლების გარეშე, საჭირო გახდა ახალი, გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრების მქონე აპარატურის შესყიდვა”, - აღნიშნავს ის.

წერილის მიხედვით, ხსენებულ მეცნიერებათა აკადემიას მომსახურებას სსიპ “სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო” უწევს. როგორც მეტრეველი წერს, სააგენტო აკადემიას 2 380 ლარის ფარგლებში აწვდის და შესაბამის აპარატურას უმონტაჟებს.

აქვე, როინ მეტრეველი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობას სთხოვს, მეცნიერებათა აკადემიამ სპეც-კავშირების სისტემით შეუფერხებლად სარგებლობისთვის საჭირო აპარატურა გამარტივებული წესით შეიძინოს.

მეტრეველის თხოვნას ერთვის ხარჯთაღრიცხვა, ისევე როგორც, წერილის ასლი, რომელიც კავშირგაბმულობის სააგენტომ მეცნიერებათა აკადემიას გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა აკადემიის შენობაში დამონტაჟებული აპარატურა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ის მწყობრიდანაა გამოსული.

შეგახსენებთ, როინ მეტრეველი მეცნიერებათა აკადემიის დირექტორად მიმდინარე თვეში აირჩიეს. მანამდე ის საბჭოთა რეჟიმის დროს კომუნისტურ პარტიაში, როგორც თავად ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, „გავლენიანი ფუნქციონერი“ იყო. 1990-იანი წლებიდან 2004 წლამდე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. მან თანამდებობა „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი