
უხვმა ნალექმა და სეტყვამ ადიგენისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებიც დააზარალა. ინფრასტრუქტურული ზიანი შედარებით ნაკლებია, უმეტესად განადგურდა ნათესები და ნარგავები.
ბოსტნეულის და მარცვლეულის კულტურებს დაახლოებით მილიონ ლარამდე ზიანი მიადგა, თუმცა მის ანაზღაურებას მერია ვერ უზრუნველყოფს. ადიგენში ახლა ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს.
"12 სოფელი დაზარალდა, მაგრამ როგორც ახლა ვარკვევთ 80%-ით ნათესები განადგურდა 3 სოფელში. წინასწარი დათვლით, სადღაც მლნ ლარამდე მიდის ბოსტნეულისა და მარცვლეულის ზიანი. სამწუხარო ის არის, რომ ანაზღაურება არ ხდება, ეს უბრალოდ სტატისტიკისთვის გვჭირდება" - ამბობს ადიგენის მერი, გოჩა ქიმაძე.
ადიგენის გარდა ასევე დასეტყვილია ურავლის ხეობაც.