
გურჯაანში სტიქიის შედეგად დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება - მდინარე ნავთისხევის ადიდების შედეგად გურჯაანში ცენტრალური უბნები თითქმის სრულად წაილეკა. გზებზე წყალმოვარდნა იყო, რის შედეგადაც განადგურდა ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის წყლის დონემ შედარებით დაიკლო, თუმცა ქალაქში სატრანსპორტო გადაადგილება კვლავ შეზღუდულია. გზებს პოლიცია აკონტროლებს.
სტიქიის გამო ათასობით აბონენტს ამ დრომდე არ მიეწოდება წყალი, გაზი და ელექტრომომარაგება.
ცოტა ხნის წინ ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, რომელმაც განაცხადა, რომ მოქალაქეებს საბაზისო ინფრასტრუქტურა დღეს საღამომდე აღუდგებათ:
"საბაზისო ინფრასტრუქტურა რაც არის, დენი, წყალი, გაზი პრაქტიკულად დღეს საღამოსთვის ყველაფერი იქნება აღდგენილი, მაქსიმუმ შეიძლება ზეგ რამდენიმე აბონენტი დაგვრჩეს. რაც შეეხება თვითონ ინფრასტრუქტურას, გზებს, კოლექტორებს და ა.შ. ახლა ვითვლით, გზაში არიან ჩვენი პროექტანტები, ჩამოვლენ დავთვლით ამ ყველაფერს და დავიწყებთ ამაზე მუშაობს. ძირითადად გზები და რამდენიმე კოლექტორია დაზიანებული", - თქვა ილია ბეგიაშვილმა.
გურჯაანში სტიქია მდინარე ნავთისხევის ადიდებამ გამოიწვია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარის ხევი ბოლო პერიოდში არ გაწმენდილა. საკითხთან დაკავშირებით "მთავარი" კახეთის გუბერნატორ, გიორგი ალადაშვილს დაუკავშირდა. მან ვერ დააკონკრეტა, როდის გაიწმინდა ბოლოს მდინარის ხევი.
ავტორი: ია გულიაშვილი.