
ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები კინოს პროფესიონალებს მხარდაჭერას უცხადებენ. გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ კინოცენტრიდან გაათავისუფლეს და ახლაც ათავისუფლებენ პროფესიონალებს, სანაცვლოდ კი ასაქმებენ სასჯელაღსრულების ოფიცრებსა და საეჭვო გამოცდილების, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ხალხს.
გთავზობთ წერილს:
"ბოლო რამდენიმე წელია ქართული კულტურის სადამსჯელო ოპერაცია მიმდინარეობს: გვახსოვს წიგნის ცენტრის დახურვა.
გვახსოვს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების დაუსაბუთებელი და უსამართლო გათავისუფლება და მეცნიერების საეჭვო გამოცდილების მქონე ხალხით ჩანაცვლება. მათთვის საცავებზე წვდომის შეზღუდვა.
გვახსოვს სამინისტროსთვის მიუღებელი ლიტერატურული პერიოდიკისთვის დაფინანსების შემცირება და საბოლოოდ შეჩერება.
გვახსოვს თეატრების ხელმძღვანელების გათავისუფლება და ხელისუფლების ერთგული ჩინოვნიკებით ჩანაცვლება.
გვახსოვს ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“, რომლის კონტროლიც სამინისტრომ სცადა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. გვახსოვს გელათის გადარეცხილი და ასევე მიტოვებული ფრესკები. და სხვა მრავალი.
სანაპიროს ქუჩაზე მდგარი კულტურის სამინისტროს შენობა იქცა ციხედ, სადაც ხმა აღარც შედის და აღარც გამოდის. კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი მინისტრმა პირად ქონებად ჩათვალა და თავისი შეხედულებისამებრ ანაწილებს. ახლა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ჯერია.
კინოცენტრი ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუციაა, რომელიც ქართულ კინოინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. კინოცენტრიდან გაათავისუფლეს და ახლაც ათავისუფლებენ პროფესიონალებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ წარმატებისთვის მუშაობდნენ. მათ ანაცვლებენ სასჯელაღსრულების ოფიცრებით და საეჭვო გამოცდილების, პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხით. ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები სრულად ვუჭერთ მხარს კინოს პროფესიონალებს დამოუკიდებელი კინოცენტრის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. მოგიწოდებთ ყველას სოლიდარობისკენ – გუშინ მუზეუმი გაქრა, დღეს კინოცენტრი ქრება, ხვალ კი შეიძლება თქვენთანაც მოვიდნენ", - ნათქვამია წერილში.
ხელს აწერენ: