
გურჯაანში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. ადგილობრივების ერთი ნაწილი ამბობს, ისინი სტიქიის მიერ მიყენებულ ზიანს საკუთარი ძალებით უმკლავდებიან, რადგან სამაშველო სამსახურის ჯგუფები სხვადასხვა მიზეზების გამო წყლის ამოტუმბვით სამუშაოს ვერ ასრულებენ.
მათივე თქმით, ზარალი ძალიან დიდია, თუმცა მისი დათვლის პროცესი სახელმწიფო უწყებებს ჯერ-ჯერობით არ დაუწყიათ.
"ზარალი არის 100%, განადგურდა აბსოლუტურად ყველაფერი. არავინ არ იყო ჯერ მოსული, არც დათვლილა ჯერ არაფერი და ველოდებით, იქნებ რამე დახმარება გაგვიწიონ, ბანკიდან გვაქვს გამოტანილი სესხი და ეს თუ არ არის რით დავფარავთ. მაშველები მოვიდნენ, მაგრამ ტუმბოები გაფუჭდაო თუ რაღაცა თქვეს და უკან წავიდნენ. ეს წყალი თუ გაქრება, გაქრება თუ არა და ასე ველოდებით," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
გურჯაანის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და სასმელი წყალი. ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია, რა ვადებში მოხერხდება სარეაბილიტაციო და აღდგენით სამუშაოების შესრულება, ასევე უცნობია ისიც, რა ოდენობის ზიანი მიადგა სტიქიის შედეგად დაზარალებულმა გურჯაანმა და რა სახის დახმარება გაეწევათ მოქალაქეებს.
ავტორი: ია გულიაშვილი.