
"განთავისუფლდეს ირაკლი კობახიძე თსუ-დან!" - დღეს, 18:00 საათზე, თსუ-ს მეორე კორპუსთან აქცია დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორები უნივერსიტეტიდან ირაკლი კობახიძის გათავისუფლებასა და მოძალადეების დასჯას მოითხოვენ.
"ხელისუფლების მხრიდან ახალგაზრდებზე უდიდესი ზეწოლის პარალელურად, სიძულვილისა დაძალადობის ენამ აკადემიურ სივრცეშიც შეაღწია.
ხელისუფლების მხრიდან წახალისებული ძალადობის მსხვერპლი უკანასკნელ დღეებში არაერთი სტუდენტი გახდა, რომელმაც საკუთარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ირაკლი კობახიძისა თუ მისი მსგავსი სხვა მოღალატეების ბრაზი გამოიწვია, რამეთუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ განსხვავებული აზრი.
ჩვენ მოვითხოვთ:
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ირაკლი კობახიძე მისი აკადემიური საქმიანობისგან და ჩამოერთვას საუნივერსიტეტო სივრცეში მისი სამსახურეობრივი უფლებამოსიფლება!
დაუყოვნებლივ დაისაჯოს ყველა ის მოძალადე ჯგუფი, რომლებიც ხელისუფლების მიერ არიან წახალისებული, მათ შორის, პირველ რიგში, ლუკა შველიძეზე თავდამსხმელი პირები!
დაუყოვნებლივ გააკეთოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა აღკვეთოს მსგავსი ქმედებები საუნივერსიტეტო სივრცეში!
მოგიწოდებთ ყველას, შემოუერთდეთ სტუდენტების მშვიდობიან პროტესტს და ერთად დავგმოთ სიძულვილისა და ძალადობის ენა, რომელიც ხელისუფლების მხრიდანაა წახალისებული!"- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს სტუდენტების ნაწილს ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა უნდოდათ, რა დროსაც მათ ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და აქციის ერთ-ერთი მონაწილე კიბიდან დააგორეს.
მოგვიანებით კი, ახალგაზრდას, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში რამდენიმე საათის წინ ნაცემი მიიყვანეს, მოულოდნელად პალატაში უცხო კაცი შეუვარდა და თავს დაესხა.