"მოვედი, რომ დაზიანებებზე ჩამიტარდეს ექსპერტიზა" - თსუ-ში დაშავებული სტუდენტი დაზარალებულად ცნობას ითხოვს

გამოქვეყნდა:

თაბუკაშვილის პოლიციაში თსუ-ში დაშავებული ახალგაზრდა მივიდა. როგორც შველიძე ამბობს, დღეს მას ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შედეგადაც დადგინდება კონკრეტულად რა დაზიანებები მიიღო თსუ-ში მომხდარი დაპირისპირების დროს.

შველიძე დაზარალებულად ცნობას ითხოვს.

"დღეს მოვედი, რათა გადამიყვანონ და დაზიანებებზე ჩამიტარდეს ექსპერტიზა. ველოდები გამოძიების პასუხებს და დაზარებულის ცნობას, რადგან აშკარად ვარ დაზარალებული. ვისაც კადრები აქვთ ნანახი, ხედავენ რომ ყველანაირად ვცდილობთ გავერიდოთ სიტუაცია და არ შევიდეთ მათთან არანაირ კონტაქტში ჩვენი გამოხატვის თავისუფლების დროს, როცა გვაყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას", - თქვა ლუკა შველძემ.

ლუკა შველიძე ასევე გამოეხმაურა ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარ ინციდენტს, მისი თქმით, მას შსს-სგან ამ დრომდე არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია, თუ ვინ იყო შეიარაღებული პირი, რომელიც მასთან პალატაში მივიდა და პირად ინფორმაციას ითხოვდა.

"შსს-დან არავინ დამკავშირებია, არავის უთქვამს ის კაცი პოლიციელია თუ არა. ოფიციალური ინფორმაცია მე ამასთან დაკავშირებით არ მომსვლია. რაც შეეხება იმ ეპიზოდს, შემოსული იყო ის ადამიანი, ითხოვდა რომ ჩემი ანალიზები წაეღო, როცა ვკითხე ვინ იყო, რას წარმოადგენდა, უბრალოდ თქვეს, რომ არავინ ვართ და დაიწყეს იქიდან გაქცევა", - თქვა შველიძემ.

შველიძის ადვოკატი ყველა თავდამსხმელის დაკავებას ითხოვს.

17 ივნისს თსუ-ში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად ახალგაზრდები პროტესტის გამოხატვასა და ბანერების გაშლას ცდილობდნენ. პროტესტის გამო ახალგაზრდებს რამდენიმე უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მიღებული დაზიანებების გამო, ლუკა შველიძე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შველიძის პალატაში უცნობი პირი იარაღით შეიჭრა. 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, კაცი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, დავით კახნიაშვილია. ხეჩინაშვლის კლინიკაში მომხდარზე გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყო.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი