
კინემატოგრაფისტებმა კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნულ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს წერილით მიმართეს და შეხვედრა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. კობა ხუბუნაია დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამ დრომდე უარს ამბობს.
კინემატოგრაფისტები პასუხს ხვალ, 20 ივნისის, საღამოს 6 საათამდე ელოდებიან. მათივე მოთხოვნაა შეხვედრა საჯარო იყოს.
"დღეს, 2 საათზე, კინემატოგრაფისტების იმ ნაწილს, რომელიც უკვე ერთი კვირაა ვითხოვთ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრას, რომელიც არის ახალი დანიშნული, ბატონ კობასთან. დღეს მას კიდევ ერთხელ, ფორმალურად ამჯერად მივმართავთ წერილით, სადაც ჩვენ მას ვაცნობთ, ვახსენებთ ჩვენს მოთხოვნებს და ამასთან დავუთქვამთ შეხვედრის დროს. თუ არ შეგვხვდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ორი დღის განმავლობაში ველოდებით მის პოზიციას, და უახლოეს დღეებში, ამ ორი დღის განმავლობაში საზოგადოებას, ვაცნობებთ ყველას, რა გეგმით გავაგრძელებთ მოქმედებას," - აცხადებს დოკუმენტალისტი ნინო გოგუა.
ცნობისთვის, კინოცენტრის თანამშრომლები მოითხოვენ ხუბუნაიასთან შეხვედრა სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერით გადაიცეს; შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი; კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და შემუშავდეს კინოცენტრის მართვის ისეთი ფორმა, რომელიც კინოცენტრის დემოკრატიული ფუნქციონირების გარანტი იქნება.