
"თუ მოთხოვნები არ შესრულდება, პარლამენტთანაც დავიწყებთ შიმშილობას და ეს იქნება უვადო", - ჭიათურელმა მაღაროელებმა, რომლებიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილები, ხელისუფლებასა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" მოთხოვნების შესრულებისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცეს.
''აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ძველ სამუშაო რეჟიმს, რა თქმა უნდა ეს სამუშაო რეჟიმი უნდა განისაზღვრებოდეს 12 საათიანი რეჟიმით. ასევე უნდა გვქონდეს ე.წ ტონაჟობით მუშაობის უფლება. ვინაიდან ჩვენ შევძლოთ გამოვიმუშაოთ უფრო მეტი. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ჩვენს ირგვლივ არის უამრავი ადამიანი. პირადად ჩემს უკან ახლა დგას 6 ათასი ადამიანი. ამ 6 ათასი ადამიანის უკან დგას ოჯახები.'' - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, თუ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ უკიდურეს ზომებს აუცილებლად მიმართავენ.
''ამდენი პრობლემების, ამდენი ომის შემდეგ გვპირდებიან ხელფასის მხოლოდ 5 %-ის მატებას. გარკვეული ადამიანების ჯგუფი დაჯდება საშიმშილოდ. დანარჩენი ვიქნებით მათ გვერდით და ეს შიმშილობა იქნება უვადო. ჩვენ არ ვაპირებთ აქედან ისე წავიდეთ, რომ ჩვენი ჭიათურა ისევ პრობლემებში დაგვხვდეს. ჩვენ ან ვეწირებით ამ საქმეს ან უნდა გადავარჩინოთ ჭიათურა.''- განაცხადა აქციის მონაწილემ.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელფასის 40 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი კი მაღაროელებს ხელფასის მხოლოდ 5 %-ით გაზრდას სთავაზობს, რაც გაფიცულებისთვის მიუღებელია. რუსთაველზე გამართულ აქციას სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კინემატოგრაფისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც უერთდებიან.