''ასეთ რეზონანსულ საქმეს დასაშვებადაც რომ არ ცნობ, მეტყველებს რომ დამოუკიდებელი სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა ჩვენი საკასაციო საჩივრის შეფასება'' - ასე ეხმაურება ნიკა გვარამიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი უზენაესი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვებას.
''ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ერთადერთი, არ ვიცოდით დასაშვებად მიიღებდნენ და არ დააკმაყოფილებდნენ ჩვენს საჩივარს, თუ პირდაპირ დაუშვებლად ცნობდნენ. მეორე მიმართულება აირჩია სასამართლომ ამ შემთხვევაში. არ ვიცი რატომ. ვერსია შეიძლება რამდენიმე იყოს. მათ შორის ის რომ არ აიტკიეს თავი. იმიტომ რომ თუ დასაშვებად ცნობდნენ მერე მოუწევდათ საკასაციო საჩივარში დასმული საკითხების განხილვა და მათზე პასუხების გაცემა, გარკვეულწილად მაინც. ან მეორე, შეიძლება შეგნებულად გააკეთეს. თუნდაც იგივე ევროინტეგრაციის მიმართულებით. იმიტომ რომ ევროკავშირიდან საკმაოდ ხშირად ისმის მაღალი დონის ტრიბუნებიდან მკაფიო განცხადებები ნიკა გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით. და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ერთი კვირის წინ გერმანიაში გამართულ შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა, შოლცმა პირდაპირ მოსთხოვა საქართველოს პრემიერმინისტრს ამ საკითხის გადაჭრა. იმისთვის რომ გერმანიამ გააგრძელოს მხარდაჭერა საქართველოსთვის ეროკავშირის სტატუსის მინიჭებაზე, საჭიროა მნიშვნელოვანი, მძიმეწონიანი გადაწყვეტილებების მიღება და თვითონვე შესთავაზა, რომ ეს გადაწეყვეტილება უნდა ყოფილიყო ნიკა გვარამიას გათავისუფლება. და ერთ კვირაში ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების პასუხი...
სიმართლე რომ გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ იმ პირებს ვინც სამოსამართლო საქმეს ასრულებენ განსაკუთრებით ამ საქმეზე, რაიმე სახის პრობლემა შეიძლება ჰქონდეთ საკუთარ სინდისთან და პროფესიულ ეთიკასთან მიმართებით, სამწუხაროდ არ მაქვს ამის თქმის საბაბი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, თუ ეხლა გაუიოლეს იმიტომ რომ არ მოუწიათ აბსურდული მსჯელობის განვითარება განაჩენში მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით საპირისპირო შედეგი შეიძლება დადგეს. იმიტომ რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქმის შინაარსი რომ საერთოდ გვერდზე გადავდოთ, დამოუკიდებელი საქართველოს სასამართლოს ისტორიაში, ყველაზე რეზონანსული საქმეა, რომლის მიმართაც არის ძალიან დიდი საერთაშორისო ყურადღება და ძალიან მკაცრი კრიტიკა მივიღეთ ყველა იმ ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც ამ სფეროშია.
ერთადერთი მედია-მენეჯერი იმყოფება საპატიმროში და ზუსტად ამიტომ ნიკა გვარამიაზე არის მორგებული ეს მე-7 პუნტქი. აი ამ ყველაფრის ფონზე დასაშვებადაც რომ არ ცნობ და იმის ღირსადაც რომ არ მიგაჩნია საქმე, რომ განიხილო და შეაფასო, რადენად სწორად იყო მიღებული გადაწყვეტილება, ცალსახა პასუხი შეიძლება შეიძლება იყოს სასამართლოს მხრიდან. ეხლა ყველაფერი ხელის გულზეა, იმიტომ რომ ასეთ რეზონანსულ საქმეს დასაშვებადაც რომ არ ცნობ იმ უამრავი სამართლებლივი პრობლემის მიღმა ეს ყველაფერზე მეტყველებს. და ეს მეტყველებს იმაზე, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მხრიდან არ მომხდარა ჩვენი საკასაციო საჩივრის შეფასება, - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა - მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ადვოკატებმა საჩივარი უზენაეს სასამართლოშიც შეიტანეს.
სასამართლომ 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.