
დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლები აქციას გამართავენ. ისინი ამ დრომდე ითხოვენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ კობა ხუბუნაიასთან შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ. აქცია კინოცენტრის წინ გაიმართება, შემდეგ კი შეკრებილები ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს შეუერთდებიან.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ 19 ივნისს ხუბუნაიას ოფიციალური წერილითაც მიმართეს და შესახვედრად ვადა 20 ივნისის 18:00 საათამდე მისცეს. კინემატოგრაფისტების მოთხოვნა იყო შეხვედრა საჯარო ყოფილიყო და Facebook გვერდზე გადაცემულიყო.
"კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის მიმართ ჩვენი უნდობლობა კიდევ უფრო გაამძაფრა 19 ივნისს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს ლეგიტიმურ პროტესტს და უკვე დაუფარავად დევნის თავისუფალ შემოქმედებით აზრს.
ჩვენი მოთხოვნებია:
1. შეჩერდეს მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი.
2. კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყოს ინიციატორი იმისა, რომ კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე; დაიწყოს კინოცენტრის მართვის ისეთ ფორმაზე მუშაობა, რომელიც უპირობოდ უზრუნველყოფს კინოცენტრის დემოკრატიულ, ავტონომიურ და ჰორიზონტალურ ფუნქციონირებას; მოვალეობის შემსრულებელი თავად იყოს გარანტი პროცესის საჯაროობისა, რომელიც წარიმართება სფეროს წარმომადგენლებთან ღია და მჭიდრო თანამშრომლობით.
სამშაბათს, 20 ივნისს, 17:00 სთ-ზე კინოცენტრის წინ ვიკრიბებით აქციაზე ქართული კინოს დასაცავად!
18:00 საათიდან ვუერთდებით მაღაროელების აქციას პარლამენტის წინ! - წერენ აქციის ორგანიზატორები.