
"ყველაფერზე შეთანხმებულები ვართ და ვფიქრობ, უახლოეს დღეებში პრობლემა უნდა ამოიწუროს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საუბრობს და ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს ეხმაურება.
"შრომის უფლებების დაცვა და მედიაცია ჩვენი პასუხისმგებლობაა. შრომის ინსპექციასთან ერთად ჩვენ მედიატორი გვყავს კომპანიასა და დასაქმებულებს შორის. საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, ბოლო დღეებში არის წარმატებული მოლაპარაკებები, მაქსიმალურად დაუახლოვეთ პოზიციები. 14 მოთხოვნა იყო, პრინციპში, ყველაფერზე შეთანხმებულები ვართ და ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში პრობლემა უნდა ამოიწუროს, აღარ უნდა იყოს პროტესტის საფუძველი", - თქვა აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელები უკვე 16 დღეა გაფიცულები არიან. მათი ნაწილი კი უკვე 10 დღეა, შიმშილობს.
პროტესტის ნიშნად ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა, ერთ-ერთმა დემონსტრანტმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა პირმა კი თვითდაზიანება მიიყენა.
მაღაროელების ნაწილმა პროტესტი 19 ივნისს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან გააგრძელეს. საკანონმდებლო ორგანოს წინ 21 ივნისს დილიდან შიმშილობა ოთხმა მაღაროელმა დაიწყო.
იხილეთ ასევე: