განათლების სამინისტრო სკოლების რეაბილიტაციის შესახებ რეკლამაში თითქმის 2 მილიონ ლარს დახარჯავს

გამოქვეყნდა:

განათლების სამინისტრო სკოლებში რეაბილიტაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების აშენების შესახებ საკომუნიკაციო/სარეკლამო კამპანიაში 2 მილიონ ლარამდე დახარჯავს. ინფორმაციას ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით "რადიო თავისუფლება" ავრცელებს და წერს, რომ სამინისტრო ამ მომსახურების შეძენას ტენდერის გარეშე გეგმავს.

მათივე ცნობით, ამ თანხით დაგეგმილია:

  • სარეკლამო კამპანიის კონცეფციის შექმნა;
  • გრაფიკული საინფორმაციო რგოლების დამზადება;
  • საიმიჯო ვიდეორგოლების დამზადება;
  • გარე რეკლამის განთავსება;
  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება;
  • საკომუნიკაციო პლატფორმის (შექმნა);
  • მედიადაგეგმარება.

"პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირების მიზნით აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ორივე მიმართულებით წარმართვა 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებამდე. აღნიშნული კამპანია შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ცვლილებების მიმართ საზოგადოების განწყობა და მისი ინფორმირებულობა პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს მთავრობისა და განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებისა და სახელმწიფო პროგრამების შედეგებზე", - ასე ხსნის სამინისტრო ტენდერის გარეშე მომსახურების შეძენის მიზეზს.

გამოცემის ცნობითვე, შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში სამინისტრო აღნიშნავს, რომ თბილისსა და რეგიონებში მიმდინარეობს 720 სკოლის რეაბილიტაცია და 80 სკოლის მშენებლობა - პროექტით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.

ირკვევა, რომ 1 963 874 ლარის მომსახურების გასაწევად ტენდერის გარეშე შეირჩა ორი კომპანია:

  • WINDFORS GEORGIA - კომპანია 879 547 ლარს მიიღებს, თუმცა წლების განმავლობაში სხვადასხვა უწყებიდან მას, ჯამში, ასევე აქვს მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ხელშეკრულებები;

  • "სტუდია მეტრო" - ახლა იგი 985 300 ლარს მიიღებს, თუმცა ასევე აქვს შესრულებული მილიონ ლარზე მეტის ღირებულების კონტრაქტები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი