
"ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელობა უარს ამბობს მაღაროელებისთვის ხელფასების მომატებაზე.
მენეჯმენტი განმარტავს, რომ მზადაა ცალკეულ მოთხოვნებზე სალაპარაკოდ, თუმცა ამტკიცებს, რომ კომპანია მძიმე ფინანსურ კრიზისშია და აცხადებს, რომ შრომის ანაზღაურება დასაქმებულებისთვის ისედაც მაღალია.
"კომპანიის მხრიდან გაკეთდა შეთავაზება შრომითი საკითხების და შრომის ორგანიზების ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა 12 საათიანი სამუშაო რეჟიმის ცვლილებას 8 საათიან სამუშაო რეჟიმზე. ამ საკითხს მოჰყვა მათი მხრიდან პროტესტო. ჭიათურა ზარალიანია 2022 წლის მონაცემებით, ზარალი იყო, ახლა რაც საპროგნოზო გვაქვს 2023 წელიც ზარალიანია.
ის თანამშრომლები რომლებსაც შრომითი პირობები ეცვლებოდათ და 12 საათიანი სამუშაო რეჟიმის ნაცვლად, ჩვენ შევთავაზეთ 8 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა, ასეთია 708 თანამშრომელი და გასული 2022 წლის მონაცემებით, ჩვენ მათზე გაცემული გვაქვს 25 მილიონ 900 ათასი ლარი, რაც ერთ ადამიანზე გადაანგარიშებით - 3 000 ლარზე მეტია" ამბობს კომპანიის დირექტორი ლაშა თუთბერიძე
ის არ აკონკრეტებს რამდენი აქვს ხელფასი მაღაროელ გიორგი კუპატაძეს, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა და რომელიც სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლი გახდა.
გაფიცვა ჭიათურაში უკვე 17 დღეა გრძელდება. მაღაროელების ნაწილი 11 დღეა შიმშილობს, მოშიმშილეთა კარვებია გაშლილი ჭიათურაშიც და თბილისში, საქართველოს პარლამენტის გვერდითაც.აქცია რუსთაველზე 19 საათზე, დღესაც გაიმართება.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი