25 ივნისს მაღაროელების პროტესტს სტუდენტები მსვლელობით შეუერთდებიან

გამოქვეყნდა:

25 ივნისს, გაფიცული მაღაროელების მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას სტუდენტები მსვლელობით შეუერთდებიან.

როგორც მსვლელობის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ, ისინი თავდაპირველად, 6 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან, საიდანაც პარლამენტის შენობამდე მსვლელობას გამართავენ, 7 საათზე კი მაღაროელების პროტესტს შეუერთდებიან.

"კვირას, 6 საათზე ვიკრიბებით თსუ-ის პირველ კორპუსთან. იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ გაფიცულ მაღაროელებს და შემდეგ კი ერთიანი მსვლელობით შევუერთდეთ მათ აქციას პარლამენტთან, რომელიც 7 საათზე იწყება.

მაღაროელები უკვე ორ კვირაზე მეტია აპროტესტებენ სამუშაო ადგილზე ღირსების შემლახავ, სიცოცხლისთვის საშიშ სამუშაო პირობებს, დამამცირებლად მცირე ხელფასს და კომპანიის მხრიდან ქალაქის და მისი მიმდებარე ტერიტორიების ეკოლოგიურ განადგურებას.

ისინი მთელი ეს დროა შიმშილობენ, რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია, მაღაროელმა გიორგი კუპატაძემ თვალები ამოიკერა, მაღაროელმა მალხაზ სარალიძემ კი პირი ამოიკერა. თუკი ისინი მთელი ცხოვრება მუშაობენ მაღაროში, საიდანაც ცოცხალი გამოვლენ თუ არა არ იციან, ახლა ისინი აპროტესტებენ და საფრთხეში აგდებენ საკუთარ სიცოცხლეს, რათა ხელისუფლებამ და ხალხმა მათი ხმა გაიგოს! მათი მთელი ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლაა.

დღეს ქვეყნის სათავეშია ხალხის მოღალატე გამყიდველი სამთავრობო ელიტა, რომელიც მწვანე შუქს უნთებს კომპანიებს, და უფლებას აძლევს მათ ძარცვონ მშრომელები და მიწასთან გაასწორონ ჩვენი სოფლები.ჭიათურელი მაღაროელებს ჩვენი, სტუდენტების და ზოგადად მთელი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდებათ ერთიანი ბრძოლით შევძლებთ შევეწინააღმდეგოთ მჩაგვრელ სისტემას!შემოგვიერთდით კვირას, 6 საათზე თსუ-ის პირველ კორპუსთან!", - წერენ ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, რომ გაფიცულმა მაღაროელებმა კვირას, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დაანონსეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი