რეაგირება არ გვექნება, შესაბამისად, ელჩი უკრაინიდან უახლოეს პერიოდში დაბრუნდება - დარჩიაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინიდან ელჩი უახლოეს მომავალში დაბრუნდება, თუმცა ქართულ მხარეს ამ გადაწყვეტილების პასუხად, არანაირი რეაგირება არ ექნება.

ილია დარჩიაშვილი მადლობას უხდის ქართველ დიპლომატებს, რომლებსაც ომის დროს, კიევი არ დაუტოვებიათ და "საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდნენ". მისი შეფასებით, უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილება "გაუგებარი და საფუძველსმოკლებულია".

დარჩიაშვილი ასევე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია და არ ესმის, რატომ ითხოვს  უკრაინა მისივე მოქალაქის გადაცემას. 

"ჩვენთვის გაუგებარი იყო და საფუძველსმოკლებული ის გადაწყვეტილება რომელიც მოვისმინეთ უკრაინისგან, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებს არ იმსახურებენ, ჩვენ ტრადიციულად აქამდე გვქონდა ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება მოვისმენთ საქართველოს მისამართით და ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, ეს ჩვენი დამოკიდებულებაა მეგობარი ხალხის მისამართით. მომავალში გვექნება დრო ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში, თუმცა დღეს ტრადიციულად ვარჩევთ იმ პოზიციას რომელიც გვაქვს, რომელიც გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება, შესაბამისად, ელჩი დაბრუნდება უახლოეს პერიოდში საქართველოში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საფუძველი, რომელიც გახდა განმაპირობებელი ამ გაუგებარი გადაწყვეტილების, ვფიქრობთ, რომ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ნათელია ყველაფერი, ყველა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რაოდენ პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფო ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის უფლებებს. შესაბამისად, თავად ეს საკითხიც საფუძველს მოკლებულია, როგორც მოვისმინეთ, გადაწყვეტილება განპირობებული იყო სწორედ ამ საკითხით." ამბობს დარჩიაშვილი და ამტკიცებს, რომ გააგრძელებენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას - "უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს" - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, უკრაინამ საქართველოს ელჩს უკრაინაში, 2 დღის წინ 48 საათი მისცა იმისთვის, რომ ქვეყანა დატოვოს და ოფიციალურ თბილისთან გამართოს მოლაპარაკებები უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გადაცემისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ილია დარჩიაშვილმა კომენტარი მხოლოდ სახელისუფლებო მედიისთვის გააკეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროში კრიტიკული მედია არ მიუწვევიათ, შესაბამისად მინისტრთან არ დასმულა არც ერთი შეკითხვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი