7 ლარი - საბჭოთა რეჟიმის დროს რეპრესირებულთა კომპენსაცია

გამოქვეყნდა:

სამწუხაროა, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი იოსებ სტალინია - ქართველი, რომლის ხელითაც კრემლმა უამრავი სხვა ქართველის - და არამარტო, სისხლი დაღვარა - გადაასახლა, ციხეში ჩააგდო, ქვეყნის მტრად გამოაცხადა და არაერთი ბავშვი მშობლების გარეშე დატოვა.

დღეს ეს ბავშვები უკვე მოხუცები არიან - საბჭოთა პერიოდში მიკერებული მტრის იარლიყი მათ ჩამოხსნეს, რეპრესიები მათ ოჯახებზე აღარ ხორციელდება. იმ სიმძიმეს და ტრავმას, რაც ამ ადამიანებმა უსამართლოდ განიცადეს, ვეღარაფერი დააკომპენსირებს, მაგრამ მხარში დგომა და დახმარება მათ ნამდვილად დაიმსახურეს. სახელმწიფო მათ ეხმარება - ყოველთვიურად 7 ლარით!

პენსიაზე დამატებული 7 ლარია იმ ტანჯვის საფასური, რომელშიც ეს ბავშვები დაბერდნენ.

ყველაზე დიდი ნუგეში მათთვის ისევ ის ერთი ფურცელია, ის ერთი მოწმობა, სადაც წერია, რომ ისინი რეაბილიტირებულნი არიან და აღარ ითვლებიან ხალხისა და სამშობლოს მტრებად.

მერი ბარამიამ საბჭოთა რეჟიმის მიერ გადასახლებული და უკვალოდ დაკარგული მამის რეაბილიტაციის ცნობა 65 წლის წინ მიიღო.

რაჟდენ ბარამია 1943 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით გაასამართლეს და უვადოდ გადაასახლეს. ბაბუის ძმა, ხარიტონ შავიშვილი, დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს გაეროში საქართველოს პირველი წარმომადგენელი - რაჟდენ ბარამიას მიმართ რეჟიმისგან წაყენებული ბრალდებების ერთ-ერთი მიზეზი იყო.  

რეპრესიების მსხვერპლთა ეტაპობრივი რეაბილიტაცია მოხდა, თუმცა დღემდე სახელმწიფოსა თუ საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ ხშირად ზედაპირული და გულგრილია.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისგან ინფორმაციას წლებია აგროვებენ. 2009 წლიდან საარქივო კვლევებისა და ინფორმაციის ღიაობისთვის ბრძოლით დაიწყეს, სწორედ საბჭოთა ისტორიის სიღრმისეული კვლევა გახდა დაახლოებით 11 წლის წინ დაარსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბების საფუძველიც.

ისტორიის სიღრმისეული კვლევა და გადაფასება რომ ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიზაციის გზაზე საუკეთესო შედეგებს გამოიღებს, ეჭვი არავის ეპარება. თუმცა, საბჭოთა ისტორიის მკვლევარებს სახელმწიფოს მხრიდან გულგრილობა და ხშირად ხელოვნურად შექმნილი ბარიერები უშლით ხელს. 

საბჭოთა დროს  პოლიტიკური ტერორის მსხვერპლი  მილიონობით ადამიანი გახდა. საქართველოში კი მათი რიცხვი 350 ათასს აჭარბებს. რეჟიმს შეეწირა მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, სანდრო ახმეტელი , პეტრე ოცხელი და უამრავი სხვა ცნობილი და მნიშვნელოვანი ფიგურა.

ორგანიზაცია „მემორიალის" ჩანთებსა  თუ ფაილებში დასაწყობებული 90-იანი წლებიდან შეგროვილი არქივი დღეს "IDFI-ს" ოფისშია განთავსებული.

წლების წინ ოფისის გარეშე დარჩენილებს ერთი ოთახი "IDFI-მ" გამოუყო და ორგანიზაციის არქივების ნაწილი შეიფარა.

გურამ სოსელიამ  რეპრესიები საკუთარ თავზე იწვნია. მამის გადასახლების, დახვრეტისა და ქონების ჩამორთმევის შემდეგ მარტოდ დარჩენილი დედა შვილებთან ერთად რეგიონ-რეგიონ, საქართველოს გარშემო, საცხოვრებელ პირობებსა და სამუშაო ადგილებს იცვლიდა.

წლების წინ თანამოაზრეებთან ერთად დაარსებული ორგანიზაციის ბაზაზე უამრავი საქმე მოასწრეს. რამდენიმე ღირებული პროექტი განუხორციელებელი დარჩათ, მათ შორისაა რეპრესირებულთა პატივსაცემად შექმნილი მუზეუმი.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, წლებია, არქივების შესწავლა-კვლევის პარალელურად, ისტორიული ფაქტების ანალიზსა და გააზრებას ცდილობს. ირაკლი ხვადაგიანი საზოგადოებრივი ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად დარწმუნებულია, რომ არქივებში დაკარგული ისტორიის გადააზრების გარეშე ქვეყანას დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა არ ექნება.

ისტორიის სწორად გადაფასება რომ წარსულის გამეორებას თავიდან აგვაცილებს, მკვლევარებს ეჭვი არ ეპარებათ. უმძიმესი რეპრესიების პერიოდში რეჟიმთან და მის მსხვერპლებთან ერთად თანაარსებობდა საზოგადოების კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც თვალს ხუჭავდა, ხმას არ იღებდა და პასუხისმგებლობის არიდებით ტოტალიტარიზმის ირიბი თანამონაწილე ხდებოდა. დღესაც მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, სადაა ჩვენი პასუხისმგებლობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი