8 ივლისს თბილისი პრაიდის ფესტივალის ჩაშლისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 პირი დააკავა.
როგორც უწყებაში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ამას გარდა, უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, გუშინ, 8 ივლისს, პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა გამართულიყო. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა გუშინ ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რის გამოც, თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია. მოგვიანებით, მოძალადე ჯგუფები პრაიდ ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და დაარბიეს, გაანადგურეს ინფრასტრუქტურა და მოიპარეს ნივთები.
ფოტო: publika.ge