ამ დესტრუქციული ელემენტის განცხადებებზე გამოხმაურება შეუძლებელია - ოპოზიცია ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტს არ სურს რეალობის დანახვა - ასეთი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან ბოლო პერიოდში გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებს. მკვლელობა ახალქალაქში, მკვლელობა ტყიბულში, ყაჩაღობა ჭიათურაში - ეს მხოლოდ ერთი დღის კრიმინალური ქრონიკა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ არაფერი განსაკუთრებული კრიმინალური მდგომარეობის მხრივ ქვეყანაში არ ხდება, არასერიოზულია და  კრიმინალის წახალისებას უწყობს ხელს.

არა მხოლოდ კომპეტენცია და ლეგიტიმურობა, არამედ ადეკვატურობა ამ ადამიანის ხანდახან იწვევს ხოლმე ძალიან სერიოზულ აღშფოთებას, ისევე როგორც "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ყველა მონა-მსახურის მსგავსი გზავნილები. ფიქრობენ, რომ ესეთი კრიმინალური სიტუაციის გაღვივება ივანიშვილს რაიმენაირად დაეხმარება არჩევნების მოგებაში და ასე ვთქვათ, ძალაუფლების შენარჩუნებაში, რაც სრული აბსურდია, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე. 

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის გიგი წერეთლის შთაბეჭდილებით, საქართველოს პრეზიდენტი შეგუებულია ვითარებას, რომ ყოველდღე ვიღაცას კლავენ, ჭრიან და ცხრილავენ.

ასეთი განცხადებები და წაყრუება და დაუსჯელობა და რაღაცნაირად გულგრილი მიდგომა კიდევ უფრო ამძიმებს ამ ვითარებას და ახალისებს სიტუაციას, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს, - აცხადებს წერეთელი. 

"ლელოს" წარმომადგენელი საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი პარალელურ რეალობაში ცხოვრობს.

დღეს სახეზე არის კრიმინალის უპრეცედენტო ზრდა. ახალგაზრდა ადამიანები კვირაგამოშვებით იღუპებიან. ამ დესტრუქციული ელემენტის განცხადებებზე სერიოზული გამოხმაურება არის შეუძლებელი, - ამბობს ბუაძე. 

მისი თქმით, ზურაბიშვილს არ ესმის არც ქართული ენა და არც ის, თუ რა უნდა ქართველ ხალხს.   

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი