საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე", რომელსაც რუსეთიდან ტურისტები მოჰყავდა, უკვე ბათუმშია. სოჭიდან გამოსულ გემი პორტში დილის 5 საათზე შევიდა. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას.
"მთავარმა არხმა" რამდენიმე ტურისტი ჩაწერა. ისინი ამტკიცებენ, რომ კრემლი ოკუპანტი არაა და რომ აფხაზეთი ჩვენგან "გაათავისუფლეს".
"აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ, მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ტანკებით შეხვედით იქ, ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში და თავად ვნახე. ვისი ტერიტორიაა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არ დაგვიკავებია არც აფხაზეთი, არც საქართველო. ოსეთის შესახებ არაფერი ვიცი, ალბათ ოსეთმა გვთხოვა დახმარება და ჩვენც დავეხმარეთ. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი და რუსეთი არ არის ოკუპანტი", - ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.
კიდევ ერთმა რუსმა "გვირჩია" აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემა თავად გადავწყვიტოთ.
"1978-ში ვიყავით ბათუმში ბოლოს. ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ, არ ვიცით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ყველგან საბჭოთა კავშირია, რას ამბობთ, რუსეთი არ არის ოკუპანტი, საქართველო, ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი ქვეყანა, დიდი, ლამაზი, მე ძველი ადამიანი ვარ და იმ დროით ვცხოვრობ", - ამბობს კიდევ ერთი ტურისტი.
რუსული საკრუიზო გემის სტუმრობის გასაპროტესტებლად ბათუმის პორტში ოპოზიციის - "ნაციონალური მოძრაობისა" და "ლელოს" წარმომადგენლები მივიდნენ.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.