ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ამართლებენ და მხარს უჭერენ ქვეყნის ოკუპანიას საქართველოს ხელისუფლება საზღვრებს კიდევ უფრო ფართედ უღებს. 850 რუსი ტურისტით ბორტზე დღეს "ასტორია გრანდე" ბათუმში დაუბრკოლებლად შემოვიდა. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც გამაოგნებელ განცხადებებს აკეთებენ და ღიად თელავენ ფეხქვეშ საქართველოს სუვერენიტეტს, "ქართულმა ოცნებამ" დასვენებისა და გართობის ახალი მიმართულება გაუხსნა და სრული კომფორტი შუქმნა.
ხელისუფლების მოღალატეობრივი პოზიციისა და დუმილის ფონზე საქართველოს ინტერესებს ისევ მხოლოდ ქართველი ხალხი იცავს. ამ წუთებში საქართველოს ზღვისპირა კურორტის პორტში რუსულ საკრუიზო ლაინერს პროტესტის ფონზე აცილებენ.
ის ზღვაში გასვლისთვის ემზადება. დღეიდან, რეგულარული რეისებით, სოჭიდან გამოსული ლუქს კლასის საკრუიზო ლაინერი ბათუმში ასობით რუსს ჩამოიყვანს, რომელთათვისაც საქართველოს კარი ახლა საჰაეროსთან ერთად ზღვიდანაც გაიხსნა.
ჩამოსული ოკუპანტების ნაწილი არ მალავს, რომ ბათუმში მოგზაურობას დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. ბევრს საბჭოთა ნოსტალგიაც მოაწვა და საქართველო რუსეთის შემადგენლობაში ისურვა. ტრადიციულად, ჩამოსული რუსები არ აღიარებენ რუსულ ოკუპაციას და მეტიც, საქართველო აფხაზეთში შეჭრაში დღეს ღიად დაადანაშაულეს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი