ბათუმის პორტთან რუსების საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ამის მიზეზად პოლიციამ "უსაფრთხოების ზომები" დაასახელა. ამ წუთებში პორტის მიმდებარედ ხმაურია, აქციის მონაწილეები პოლიციის ბარიკადების გარღვევას, პოლიცია კი აქციის მონაწილეების შემოსაზღვრული ტერიტორიიდან გამოშვებას ცდილობს.
მანამდე კი, ცოტა ხნის წინ პოლიციამ პორტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლება დაიწყო. ადგილზე პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზებაა. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ბათუმის პოლიციამ პორტთან მისასვლელი გზაც გადაკეტა.
მანამდე რუსული საკრუიზო ლაინერის დასახვედრად, ბათუმის პორტთან ორმაგი ბარიკადები აღმართეს. როგორც ადგილზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ყვებიან, ადგილზე პოლიციის მობილიზებაცაა და ისინი რუსების დასახვედრად ემზადებიან. მათივე თქმით, ბარიკადები გზის სავალ ნაწილამდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ სოჭიდან ბათუმის პორტში საკრუიზო გემი 31 ივლისს, გამთენიას, 07:00 საათზე შევა.
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული.