კიდევ ერთი სახიფათო და ძვირადღირებული პროექტი. ხელისუფლება ფასანაურთან შემოვლითი გზის და გვირაბის გაყვანას აპირებს. პროექტის მიხედვით იგეგმება ქედების ხიდებით დაკავშირება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გეგმა მოსახლეობას უკვე გააცნეს, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოყვა.
ფასანაურში აცხადებენ, რომ მთაზე დაწყებულია ეროზიული და მეწყრული პროცესები და აქ ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება დამანგრეველი იქნება მჭიდროდ დასახლებული ფასანაურისთვის.
"იქ რომ გვირაბი გაკეთდეს საშინელება მოხდება. ჯერ მარტო ჩვენ უბანზე სამი ხევია, ეს ხეები ისე დაბლაა, რომ იქ გვირაბი ვერ გავა. იქ სულ დაიძრება ფერდობები, 50-60 გრადუსია დაქანება...1933 წელს იყო შემთხვევა, ერთი ხევი ისე გამოვიდა, რომ არაგვი დააგუბა და წალეკა ყველაფერი რაც წინ დახვდა. ეს რომ მოწყდეს, ნახევარ ფასანაურს გაიტანს, რა უნდა აქ გვირაბს, როგორ შეიძლება გვირაბის გაკეთება", - თქვა მეტყევე-ინჟინერმა ვალერიან ანდრიაძემ.
გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსახლეობას გეგმა 17 აგვისტოს გააცნეს. უწყებამ მოსახლეობას 4 პროექტი წარუდგინა, თუმცა მათი თქმით, გეგმა, რომლის განხორციელებასაც აპირებენ, ყველაზე სწორია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ არსებობს ალტერნატიული გზა, რომლითაც ფასანაურში შემოვლითი გზის გაკეთებაა შესაძლებელი.