მესტიაში "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიასა და ოპერატორს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშში "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს თავს დაესხნენ. კერძოდ თავდამსხმელებმა მედიის წარმომადგენლებს კამერა, მიკროფონი, გადამცემი და პირადი ტელეფონი წაართვეს. ასევე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც ემა გოგოხია ამბობს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მედიის წარმომადგენლები ერთ-ერთ საამქროში უკანონოდ მოჭრილი მორების კადრებს იღებდნენ. ემა გოგოხიას თქმით, ოპერატორსა და ჟურნალისტს თავს 12 ადამიანი დაესხა, მათგან ნაწილი სავარაუდოდ, საამქროს მეპატრონე იყო. თავდამსხმელებს შორის იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ემა გოგოხიას ამავე თემის გაშუქებისას მანამდეც თავს დაესხნენ.

ემა გოგოხიას თქმით, თავდამსხმელებმა ისინი ალყაში მოაქციეს და ემუქრებოდნენ.

"მესტიაში, კერძოდ ხაიშში ერთ-ერთ საამქროში, იმ დროს როცა უკანონოდ მოჭრილი მორების კადრებს ვიღებდი, თავს დაგვესხა დაახლოებით 12-მდე ადამიანი. მათი ნაწილი, სავარაუდოდ, ამ სახერხის მეპატრონეა. თავდამსხმელებს შორის არიან ის პირები, რომლებიც წარსულშიც ხის ჭრის თემის გადაღებისას თავს დაგვესხნენ. მაშინ პოლიციამ გამოავლინა ეს პირები, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს ისინი თავს მეორედ დაგვესხნენ. ოპერატორი კარებთან მიამწყვდიეს და კამერა წაართვეს ხელიდან, მიკროფონი და ტელეფონი წამართვეს, ასევე გადამცემი.

მაინც მოვახერხე 112-ისთვის დამერეკა, განწირულად შველას ვითხოვდი და 112 მეკითხებოდა რა უბანია და სიტუაცია აღმიწერე რა ხდებოდაო, ამის საშუალებას არ მაძლევდნენ, ერთადერთი ვითხოვე ოპერატორისთვის ხელი არ დაერტყათ...დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ცალ-ცალკე ალყაში ვყავდით. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ პოლიცია გამოვიძახეთ, ტექნიკა დაგვიბრუნეს იმ პირობით, რომ მასალას წავშლიდით. შემდეგ ოპერატორს დაემუქრნენ, რომ თუ მასალას გავუშვებდით საქმეს გაგვირჩევდნენ", - თქვა ემა გოგოხიამ.

ემა გოგოხიას თქმით, ადგილზე პოლიციაც იყო მისული, თუმცა თავდამსხმელებმა ისინი შიგნით არ შეუშვეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი