"მე არსად არ მივდივარ... ჩემს გადადგომაზე ოცნება მგონი ყველამ უნდა დაივიწყოს..." | სალომე ზურაბიშვილის მიმართვა

გამოქვეყნდა:

"მე არსად არ მივდივარ... ჩემს გადადგომაზე ოცნება მგონი ყველამ უნდა დაივიწყოს...", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს და ქართველ ხალხს მიმართავს. 

ამბობს, რომ ის ქართველი ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული, რადგან, მისი თქმით, ის სწორედ ქართველმა ხალხმა აირჩია და მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ ის "ევროპის, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე და ნაწილობრივ ევროპელია".

"მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. იმისთვის ამირჩიეთ, რაც მე ვარ და ვიყავი მთელი ცხოვრება - ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი. 

მე ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული. ვიცი, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, კორუფცია, ადამიანების გადინება, სრულიად უკონტროლოდ რუსების შემოსვლა, ეს ყველაფერი იქნება, შეიძლება არა გადაჭრილი, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ. 

მე არსად არ მივდივარ... ჩემი გადადგომაზე ოცნება მემგონი ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელია... ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება, მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე მაშინ, როდესაც იყო ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და მე ბოლომდე ვიქნები ამ ფიცის ერთგული. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუცია, რომელიც მეც მივიღე, როდესაც ცვლილებები შევიდა ახალ კონსტიტუციაში, გვკარნახობს, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობებშია, იმისთვის, რომ ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს. მე ეს მიმაჩნია ჩემს უპირველეს და უმაღლეს ვალდებულებად. ამიტომ დავდივარ, ვიყავი ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში..", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

მისივე თქმით, ევპოპის ქვეყნებში ვიზიტებს ის საკუთარი პირადი კონტაქტებით გეგმავს. როგორც ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს მიმართა, ნდობა, რომელსაც ევროპელი ლიდერები მის მიმართ გამოხატავენ, სწორედ მათი დამსახურებაა. "მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ სხვადასხვა ევროპის დედაქალაქებში", - თქვა ზურაბიშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი