როცა დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, შევთანხმდით ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე - ლავროვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ კრემლმა დაინახა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ამის შემდეგ კი შეთანხმდნენ "ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან" ფრენების განახლებაზე. 

ლავროვს ინტერვიუ ჰქონდა "ტასთან" სადაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას. ლავროვმა თქვა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან რუსეთს არ გაუწყვეტია.

მისივე მტკიცებით, რუსეთს არასდროს ჰქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ "ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ხალხი".

"როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესებით, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ეწვიონ ერთმანეთს, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ბოლოს და ბოლოს, რომელიც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს ეკონომიკურ სისტემებს, ჩვენ შევთანხმდით ბატონ [საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი] ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი. მაგრამ ახლა, ორმხრივობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება და საჰაერო კომუნიკაციების დამყარება, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობას ბევრად კომფორტულს ხდის", - თქვა ლავროვმა.

მისივე თქმით, იზრდება ფრენების რაოდენობა, ფართოვდება პირდაპირი ფრენების გეოგრაფიაც, იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ლავროვი ამბობს, რომ რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი ქართული ტრადიციული საექსპორტო პროდუქტი: ღვინო, ბორჯომი და მრავალი სხვა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი