საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ, დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, მსგავსი ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
"შეშფოთებას გამოვთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ.
მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას.
საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია", - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.
ასლან ბჟანიამ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის მოწყობის შესახებ გამოცემა Известия - სთან ინტერვიუსას განაცხადა. როგორც ის ამბობს, შესაბამის "შეთანხმებას" მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს და დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეში ახალი რუსული ბაზა "უახლოეს მომავალში" იქნება.