საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილება საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ -  ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.

დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილება ახლა უკვე პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტზე იმსჯელებენ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად "ოცნებას" 100 დეპუტატის ხმა დასჭირდება.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს. ენმ-ის ფრაქცია კი კენჭისყრის დღეს, საერთოდ არ აპირებს სასესიო დარბაზში შესვლას.

დაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილმა - საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხზე პოზიციებს 3 დღის განმავლობაში ისმენდა - პრეზიდენტისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იხსენებდნენ ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებს, რა დროსაც ის საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად  გერმანიის, საფრანგეთისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა. 

"ოცნებას" 4 დეპუტატი - ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდა, პრეზიდენტს კი იურისტი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი. სხდომაზე დასასწრებად ბათუმში არ ჩასულა სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი