"ძალიან პროდუტიული შეხვედრა იყო", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში, დე ფაქტო ლიდერთან აუდიენციის შესახებ დასმული კითხვის პასუხად საუბრობს.
მედიის ცნობით, ბლინკენი გვირგვინოსან პრინც მუჰამედ ბინ სალმანს სამეფოო რეზიდენციაში თითქმის ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდა.
სახდეპის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ბლინკენმა "ხაზგასმით აღნიშნა შეერთებული შტატების ურყევი ფოკუსირება ჰამასის მიერ ტერორისტული თავდასხმების შეჩერებაზე, ყველა მძევლის გათავისუფლების უზრუნველყოფასა და კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილებაზე".
მისივე თქმით, ორივე მხარემ დაადასტურა "მათი ერთობლივი ვალდებულება მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სტაბილურობის წინსვლისკენ ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ".
არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი იმყოფებოდა ისრაელში, იორდანიასა და კატარშიც. სახელმწიფო მდივანი გეგმავს ეგვიპტეში გამგზავრებასაც.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: