"კამერებიდან ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა" - მიხეილ რამიშვილი

გამოქვეყნდა:

თბილისის პროკურატურაში შეხვედრის დასრულების შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა. რამიშვილის განცხადებითვე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მოთხოვნილი ექსპერიმენტი 21 აგვისტოს დასრულდება.

ხვალ სრულდება ექსპერიმენტი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოითხოვა. დათვალიერებულია დიდი მასალა სათვალთვალო კამერებიდან, სადაც ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, სხვანაირად ვერ გადაადგილდებოდა ასე - თქვა მიხეილ რამიშვილმა

ბაჩლიაშვილის ოჯახის ადვოკატის ამბობს, რომ გამოძიებაში ისეთი საეჭვო ფაქტობრივი ნიუანსები შეინიშნება, რაც აქამდე გამოძიებასაც არ ჰქონდა. მისივე თქმით, თავიდან დაიკითხა თამარ ბაჩლიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილიც, რომელმაც ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი გაიხსენა.

 ასევე ვნახეთ ექსპერტიზის შუალედური პასუხები და თავიდან დაიკითხა თამარის დედა, იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში ძალიან ბევრი არსებითი მნიშვნელობის ფაქტები ახსენდება მას, მიმაჩნია, რომ გამოძიებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია - განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი