სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმრის გამოსახატად მისული სასულიერო პირი მედიასთან ამბობს, რომ ტაძრებს რუსები და ოსები ურჩევნია. მისი თქმით, ეკლესიის პოზიციაა, რომ ხალხი ურჩევნია ტაძრებს და ნაგებობებს, ხალხთან, მათ შორის ოკუპანტთან "ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული".
მისივე აზრით, ეს მსხვერპლი უნდა იქცეს სანთლად დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობაში.
"ჩვენი პოზიცია, ეკლესიის არის ასეთი, რომ თითოეულ ტაძარს, იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, დაპირისპირებულ მხარესთან, ისინი გვირჩევნია ჩვენ ტაძრებსაც კი. თვითონ ის ხალხი გვირჩევნია, ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარს, რუსები, ხალხი გვირჩევნია ტაძრებს, ნაგებობებს ხალხი გვირჩევნია, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია ტაძრებს. ყველა შემთხვევაში გენაცვალე, ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია", - ამბობს სასულიერო პირი.
ცნობისთვის, კირბალი სწორედ ის სოფელია, სადაც რუსმა ოკუპანტებმა ტაძრის კარი აჭედეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი სწორედ ეკლესიაში იყვნენ მისულები სანთლის დასანთებად.
თამაზ გინტური რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს, ლევან დოთიაშვილი გატაცებულია.