თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ლაზარეც. ირკვევა, რომ ბრალდების მხარემ პროცესების გახანგრძლივება და ორი სხდომის დამატება მოითხოვა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით. გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ პროკურატურას მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰყოფნის და ახლა მის მეგობარზე, გიორგი ჯარიაშვილზე ცდილობს ზეწოლას. უფლებადამცველის ინფორმაციით, ჯარიაშვილი, რომელიც დაცვის მოწმეა, ბრალდებამაც უნდა დაკითხოს და ცდილობენ ლაზარეს საწინააღმდეგო ჩვენება მიაცემინონ.
"წინა სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ თავის მტკიცებულებებს არ მოხსნიდა და ყველა მტკიცებულება იქნებოდა გამოკვლეული, შესაბამისად დაიმატა ორი სასამართლო სხდომა ბრალდების მხარე. გამომდინარე აქედან, ჩვენც დაგვიმატებს სასამართლო ორ სხდომას და 17-ის მაგივრად აბა დასრულდება ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში...
გიორგი ჯარიაშვილი დაცვის მხარის მოწმეც არის. ეს არის ლაზარეს მეგობარი და ლაზარეს აქვს თავიდანვე დაფიქსირებული გამოკითხვის ოქმში, რომ როდესაც მას კითხავდნენ, თუ იგი არ აღიარებდა წარდგენილ ბრალს, ჯარიაშვილს დააკავებდნენ. ჯარიაშვილი ამოიყვანეს იმ სართულზე და დაანახეს ლაზარეს. ამის შემდეგ ლაზარემ ბრალი აღიარა, თუმცა სასამართლოზე ჯარიაშვილი რას იტყვის ჩვენთვის უცნობია. არ გამოვრიცხავ არანაირად [დაშინებას]" ამბობს ლაზარე გრიგორიადისი ადვოკატი.
როდის დაკითხავს გიორგი ჯარიაშვილს სასამართლო, ჯერ უცნობია.
გარდა ამისა, ლაზარეს ადვოკატები მეხუთედ შეეცდებიან ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას იმ ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებიც მათ ლაზარეს წინააღმდეგ აკეთეს. წინ ოთხ შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზებით, სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
"სანამ არ მიიღებენ წარმოებაში არ მოვეშვებით. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. როგორ შეიძლება ამხელა თანამდებობის ადამიანები, იციან თუ არ იციან, ჩირქს ცხებენ ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება აქვს გასავლელი. ამის მიზანი ისაა, რომ თავიდანვე შეექმნათ ლაზარესთვის ნეგატიური ვითარება, რომ ხალხის მასას ეთქვა, რომ ეს ადამიანი მართლა ასეთი საზიზღარია და ა.შ " ამბობს ლაზარეს ბაბუა გია კალანდაძე.
იხილეთ ასევე: