ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის მისია რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება და აღნიშნულ ფაქტს გმობს. მათი შეფასებით, გინტურის მკვლელობა შეგვახსენებს, თუ როგორ აისახება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ქვეყნის მოსახლეობაზე.
აშშ-ის მისია ასევე აღნიშნავს, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ მზადაა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, კონსტრუქციული ჩართულობისთვის.
ამასთან, ისინი რუსეთს მოუწოდებენ, რომ 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს.
"6 ოქტომბერს ბ-ნი გინტური სოფელ კირბალის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე, შემდეგ კი ეკლესიაში მივიდა, სადაც რუსეთის სამხედრო ძალებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იმის გამო მოკლეს, რომ საკუთარ ქვეყანაში გადაადგილდებოდა. ჩვენ ვგმობთ ამ მკვლელობას.
სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს ადმინისტრაციული საზღვრების გამაგრებას, რაც განსაზღვრავს მის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. რუსეთს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აქვს ვალდებულება, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრულ და შეუზღუდავ წვდომას საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში. კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრები ადამიანების ტანჯვა და გაჭირვება ძალიან გაჭიანურდა.
ჩვენ მივესალმებით თქვენს, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთა როლს კონფლიქტის მოსაგვარებლად მშვიდობიანი პროცესის დაცვაში და ვაღიარებთ ამ მისიის სირთულეს. 1 ნოემბერს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ანუ IPRM, ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის, ელჩი მოშანუსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთობლივი ხელშეწყობით 115-ედ შეიკრიბა. შეერთებული შტატები მიესალმება ერგნეთი-IPRM-ის ამ მიმდინარე შეხვედრებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მოსაზრებას, რომ გალის IPRM-ი დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს წინაპირობების გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.