ვინ როგორ ფიქრობს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას | გაერთიანდებიან თუ არა პარტიები

გამოქვეყნდა:

როგორ აპირებს ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" დამარცხებას? საერთაშორისო ორგანიზაცია IRI-ის კვლევები აჩვენებს, რომ 5%-იან ბარიერს მხოლოდ ორი პარტია - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" - ლახავს. 

მცირე პარტიებს ანალიტიკოსები გაერთიანებას ურჩევენ, თუმცა, ამ საკითხზე ოპოზიციაში ჯერჯერობით აზრთა სხვადასხვაობაა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პარტია "ლელო" და "საქართველოსთვის" ამბობს, რომ არცერთ სხვა ოპოზიციურ ძალასთან გაერთიანებას არ გეგმავენ.

"სწორედ ისე მივიღებთ მონაწილეობას 2024 წლის არჩევნებში, რომ ორპოლუსიანობა აღარ იარსებებს, იქნება რამდენიმე პოლუსი და იქნება სწორედ ისეთი შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს "ქართული ოცნების" დამაჯერებელ დამარცხებას. არანაირ გაერთიანებას "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ ვაპირებთ. რაც შეეხება სხვა პარტიების მიმართ რჩევას, ეს თითოეული პარტიის გადასაწყვეტია", - ამბობს პარტია "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე.

"საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი, აღნიშნავს, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვას მარტივად შეძლებენ:

"არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გავერთიანდებით, არანაირი ფორმით", - ამბობს დაუშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ "ევროოპტიმისტების" წევრი, ხატია დეკანოიძე კი "ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებას გამორიცხავს.

"ბრძოლა არის და ეს ფრონტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ის ადგილი, სადაც უნდა ვიყო. რა კონფიგურაციით ვიქნები, როგორ ვიქნები, ამას ნამდვილად იმედია, რომ ძალიან მალე ყველა პოლიტიკოსი და ყველა ადამიანი, ვისაც უნდა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, წარმოაჩენს... "ნაციონალურ მოძრაობაში" ჩემი ინტეგრაცია მე არ მესახება," - ამბობს დეკანოიძე.

დეპუტატი თაკო ჩარკვიანი (პარტია "კანონი და სამართალი) ამბობს, რომ თავისი თავი უფრო "ნაციონალურ მოძრაობასთან" წარმოუდგენია, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მასაც არ აქვს მიღებული.

ალეკო ელისაშვილი კი აცხადებს, რომ პარტია "მოქალაქეები" ჯერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს დააკვირდება და გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, შემდეგ მიიღებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი