"ზურგიანი კოშკის დანგრევის შემდეგ ძეგლმა შეუქცევადი დაზიანება მიიღო, მისი ავთენტურობა სრულად დაიკარგა" | ჩუბინაშვილის ცენტრი ქოროღოს კომპლექსზე

გამოქვეყნდა:

ჩუბინაშვილის ცენტრმა ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ქოროღოს არქიტექტურულ კომპლექსზე ბოლო დროს ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფასება და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბოლოდროინდელი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შექმნილი პრობლემები არ შემოიფარგლება მხოლოდ ზურგიანი კოშკის დანგრევით. საფრთხეშია უნიკალური რელიეფები და ეკლესიაზე სამუშაოები უხარისხოდ არის ჩატარებული.

"ქოროღოს არქიტექტურული კომპლექსის ერთ-ერთი უმთავრესი და, სავარაუდოდ, უძველესი ნაგებობა - ზურგიანი კოშკი თითქმის საძირკვლამდეა დანგრეული. თავისთავად მცდარი გადაწყვეტილება კოშკის დაშლის შესახებ პრაქტიკაში სრულიად ვანდალურად განხორციელდა - პროექტით ნაგულისხმევი "დაშლის" ნაცვლად მოხდა კოშკის ბრუტალური ნგრევა. არ გაკეთებულა სამშენებლო ქვების სავალდებულო მარკირება. ამჟამად კოშკის ნანგრევები სრულებით უსისტემოდაა მიმოფანტული კომპლექსის მთელ პერიმეტრზე, როგორც გალავნის შიგნით, ისე მის გარეთ...

კოშკი დაანგრიეს მოსალოდნელი შედეგების გაუაზრებლად. არ იქნა გათვალისწინებული სამშენებლო მასალის - იოლად შლადი ფლეთილი ქვის სპეციფიკა. კედლებზე ფიზიკური ზემოქმედებისას და შემდეგ სიმაღლიდან ჩამოყრისას დიდრონი ქვები წვრილ ნატეხებად დაიმსხვრა. არსებული გროვების დათვალიერებამ აჩვენა, რომ პრაქტიკულად არც ერთი ქვა თავდაპირველი მოცულობით არ გადარჩენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოშკის ხელახლა აგებისას სამშენებლო მასალაც კი არ იქნება ავთენტური.

ნგრევის პროცესში არ იზრუნეს კოშკის უმნიშვნელოვანესი ელემენტის - ასომთავრული სამშენებლო წარწერიანი ქვის დაცვაზე. ამჟამად ის სანახევროდ ნანგრევებშია მოყოლილი, ხოლო ნაწილს თუნუქის ნაჭერი ახურავს. ქვა მეორე, უფრო გვიანდელი ნაკაწრი წარწერით, არ იძებნება. ის ნანგრევებშია მოყოლილი და დიდი ალბათობით დამტვრეულია...

ზურგიანი კოშკის დანგრევისა და მისი სამშენებლო მასალის დამსხვრევის შემდეგ ძეგლმა შეუქცევადი დაზიანება მიიღო, მისი ავთენტურობა სრულად არის დაკარგული," - წერს ჩუბინაშვილის ცენტრი.

ამას გარდა, ჩუბინაშვილის ცენტრი წერს, რომ ღვთისმშობლის ეკლესიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა ზერელედ და უხარისხოდ, რამაც გააუარესა შენობის ესთეტიკური იერი. ასევე, ჩატარებული სამუშაოები ვერ უზრუნველყოფს შენობის სტრუქტურულ მდგრადობას შორეულ პერსპექტივაში.

სპეციალისტების ჯგუფი სასწრაფოდ ითხოვს მიმდინარე პროექტის შეჩერებას და ქოროღოს კომპლექსის რეაბილიტაციის ახალი პროექტის მომზადებას, რომლის შემთხვევაშიც, პროექტზე არაპროფესიონალების მუშაობა უნდა გამოირიცხოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი