რატომ გაუშვეს თანამდებობიდან გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსი? პოლიციის კაპიტანი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. მირიან ქავთარაძემ დააკავა და ხელბორკილი დაადო საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ცოტა ხნის წინ გლდანში დააკავა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.
პოლიციის კაპიტანი მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებით არ არის ცნობილი, მას ახლო ურთიერთობა აქვს "კრიმინალურ ავტორიტეტებთან" და "კანონიერ ქურდებთან", თუმცა ამას აქამდე მისთვის პრობლემა არ შეუქმნია. პოლიციის კაპიტნის ჩამოქვეითება დროში დაემთხვა "კანონიერ ქურდთან" დანათესავებას.
განსაკუთრებული დამსახურებისთვის სამინისტრომ ქავთარაძე 31 მაისს, პოლიციის დღეს მედლით დააჯილდოვა. აქედან 6 თვეში კი ის სახლში გაუშვეს.
ოფიციალურ მიზეზზე არავინ საუბრობს, "მთავარი არხის" ინფორმაციით კი მირიან ქავთარაძის თანამდებობა მისმა პირადმა ცხოვრებამ შეიწირა. პოლიციელი ცოტა ხნის წინ, "კანონიერი ქურდის" ოჯახის წევრზე დაქორწინდა.
პოლიციელ ქავთარაძის მეუღლე ანანო ბაქრაძეა. მისი ბიძა კი ე.წ. კანონიერი ქურდი პაატა ბაქრაძე. წყაროს ინფორმაციით კრიმინალურ სამყაროში საკუთარი გავლენა აქვს მირიან ქავთარაძის სიმამრს - ავთანდილ ბაქრაძეს.
კრიმინალურ სამყაროსთან მირიან ქავთარაძეს მანამდეც მჭიდრო კავშირში ჰქონდა. ის წლებია მეგობრობს ავთანდილ ბილანიშვილთან მეტსახელად "კაწროსთან", რომლის სახელიც თბილისში რამდენიმე გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ რომ სწორედ ქავთარაძე იყო კაწროს და მისი ოჯახის მასპინძელი რაში.
სხვადასხვა წყაროს ცნობით მირიან ქავთარაძეს მჭიდრო კავშირი აქვს კიდევ ერთ თბილისელ "კრიმინალურ ავტორიტეტთან ნოდარ შუკაკიძესთან. მეტიც, ამბობენ რომ გლდანი ნაძალადევის პოლიციის უფროსობის დროს სწორედ ის მფარველობდა შუკაკიძის დაჯგუფებას გლდანში. ამის მაგალითად საკრებულოს დეპუტატის ირაკლი ეძგვერაძის ცემის ფაქტი მოყავთ.
22 სექტემბერს შუკაკიძის დაჯგუფების წევრებმა ნაციონალური მოძრაობის წევრი და მისი მეგობრები სასტიკად სცემეს. ადგილზე მირიან ქავტარაძე და პოლიციის სამმართველოს სრული შემადგენლობა მივიდა, თუმცა გამოძიების დაწყების ნაცვლად სამართალდამცავებმა ნაცემი პირების მხარდასაჭერად მისული ოპოზიციონერების დაკავება დაიწყეს. კადრებში კარგად ჩანდა რომ მირიან ქავთარაძე პირადად მონაწილეობდა ნიკა მელიას დაპატიმრების პროცესში.
"მთავარ არხს" წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროდან უყვება რომ გლდანში ჩატარებული ამ ოპერაციის გამო მირიან ქავთარაძემ ხელმძღვანელობისგან საყვედური მიიღო. სავარაუდოდ მაშინ პირდაპირ ეთერში გადაცემული კადრებით ყველა მიხვდა, რომ ირაკლი ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან განვითარებული ძალადობრივი მოვლენების ინიციატორი სწორედ პოლიციის მაშინდელი უფროსი იყო.
ნიკა მელიამდე, მირიან ქავთარაძემ თავი მესამე პრეზიდენტის დაკავებისას გამოიჩინა. სწორედ ის იყო ერთ-ერთი რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროებით საცხოვრებელში შევიდა და პრეზიდენტს ხელბორკილები დაადო. მანვე შეაცილა მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში. მაშინ ამბობდნენ რომ გლდანი ნაძალადევის პოლიციის უფროსს მესამე პრეზიდენტის დაკავება დაუფასეს და მადლობა უთხრეს.