ხელისუფლების მიერ მოტყუებული პედაგოგები | მასწავლებლებისთვის ხელფასის 500 ლარის ნაცვლად 250 ლარით გაზრდა იგეგმება

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებისგან მოტყუებული პედაგოგები - ირკვევა, რომ ხელფასების მატებასთან დაკავშირებული პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაპირება დათქმულ ვადაში არ შესრულდება. 

ღარიბაშვილმა ოქტომბერში მასწავლებლებისთვის ანაზღაურების 500 ლარით მატება დააანონსა და განაცხადა, რომ ცვლილება 2024 წლის იანვრიდან შევიდოდა ძალაში. ფინანსთა სამინისტროში კი ახლა ამბობენ, რომ მათ ხელფასები არა იანვარში, არამედ 2024 წლის სექტემბერში, 250 ლარით გაეზრდებათ.

მასწავლებლები დაპირების შესრულებას მოითხოვენ. მათ შესაბამისი პეტიციაც შეადგინეს, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 6 000-მდე პირი აწერს. 

"ვითხოვთ დასრულდეს გაურკვევლობა და საბაზო ანაზღაურების მატება აისახოს 2024 წლის იანვრიდან!," - ვკითხულობთ პეტიციაში. 

"მთავარ არხთან" საუბრისას პედაგოგები აღნიშნავენ, რომ თავს მოტყუებულად გრძნობენ და იმ შემთხვევაში, თუ დაპირება არ შესრულდება, რადიკალური ზომებით პროტესტის გამოხატვასაც არ გამორიცხავენ.

"გაჟღერდა ღარიბაშვილის მიერ, რომ იანვრიდან, ახალი წლიდან, ჩვენი პროფესია უნდა "დაფასებულიყო" და მინიმალური 500, მაქსიმუმ 700 ლარი უნდა მოგვმატებოდა. ძალიან გაგვიხარდა ყველა პედაგოგს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ეს ბედნიერი რამდენიმე დღე ფინანსთა მინისტრმა სხვანაირად შემოგვიტრიალა. იმის მაგივრად, რომ იანვრიდან მოგვმატებოდა დანამატი, გადაგვიტანეს სექტემბრისთვის. როგორც გავარკვიეთ, თანხა არ იქნება 500 ლარი, არამედ უნდა გაანახევრონ, 250 ლარამდე," - ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი ლელა ჯაჭვაძე.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ პრემიერის თავდაპირველი განცხადება "პოპულისტური" იყო და წინასაარჩევნოდ, მასწავლებლების ხმის მობილიზებას ემსახურებოდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი