ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, ნიკა ახალბედაშვილი, ბიუჯეტიდან ორ ხელფასს იღებს.
"პუბლიკას" ინფორმაციით, მას ერთი ხელფასი მუზეუმთან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში ერიცხება, მეორე კი უშუალოდ კულტურის სამინისტროსთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. გავრცელებული ცნობით, ორივე ხელშეკრულების ფარგლებში, მისი ყოველთვიური ანაზღაურება დარიცხული სახით 7 000 ლარამდეა.
"პუბლიკას" წყარომ მიაწოდა ორმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის დეკემბერში თეა წულუკიანმა ნიკა ახალბედაშვილთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის საგანია 'სამინისტროში არამუდმივი ამოცანების განხორციელება.
ნიკა ახალბედაშვილს ევალება, „მუზეუმთა ჯგუფში არსებული მართვის განსაკუთრებული რეჟიმისა და ხელოვნების მუზეუმის აღდგენის პროცესის კოორდინაცია და სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.“ ხელშეკრულებაში ხაზგასმულია, რომ ახალბედაშვილმა სამუშაო უნდა შეასრულოს პირადად", - წერს გამოცემა.
იურისტები რიგ დარღვევებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ერთი მხრივ, სახეზეა სამინისტროსა და მუზეუმში დაკისრებული ფუნქციების დუბლირება.მეორე მხრივ კი, ხელშეკრულების მიხედვით, ახალბედაშვილი ანგარიშვალდებულია არა ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორთან, არამედ პირადად მინისტრთან.
სულხან სალაძის შეფასებით, სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულება თითქმის იმეორებს იმ ფუნქციებს, რომელთაც ისედაც უნდა ასრულებდეს ახალბედაშვილი, მუზეუმში დაკავებული თანამდებობის ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ახალბედაშვილი ხელოვნების მუზეუმის დირექტორად 2021 წელს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, დანიშნა. მუზეუმში რეპრესიები სწორედ მისი დანიშვნის შემდეგ დაიწყო.