სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზი აამოქმედა - საკორინთლოს მიმდებარედ ოკუპანტები მუშაობენ. სამხედრო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურ რეჟიმში მათ მას შემდეგ დაიწყეს, რაც თამაზ გინტური სასტიკად მოკლეს.
საკორინთლოში ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საოკუპაციო ხაზს მიუახლოვდებიან, დიდია შანსი ოკუპანტებმა დააკავონ.
"უმძიმესი სიტუაციაა, დაძაბული სიტუაცია, ყველანაირად. ყოველ მხრივ საშინელება ხდება ჩვენ სოფელში, გაუსაძლისი პირობებით, გასვლა გარეთ, მენახირე ვერ წასულა ნახირში, ტყეში ვერ გასულა ადამიანი, რომ ელემენტარული თონისთვის ფიჩხი მოიტანოს, სხვა რა უნდა იყოს უსაშველოდ შიში", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ მათი ვენახი და ნაკვეთები საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.
"ანტისაოკუპაციო მოძრაობისგან" ცოტა ხნის წინ მივიღეთ დრონით გადაღებული კადრები, რომელთა მიხედვითაც ორჭოსანი - ხურვალეთის მონაკვეთზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკვე დაასრულეს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა. "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ საგუშაგოზე მოწყობილია საბრძოლო სანგარ-სავალი, მასალები მიტანილია, რაც იმას მიანიშნებს, რომ პროცესი გრძელდება.