"მკვლელობაც არის და მკვლელობაც, ჩემი ძმა ჩაცხრილეს" - ამის შესახებ "მთავარ არხთან" რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური საუბრობს და ითხოვს, რომ მისი ძმის მკვლელები ქართულ მხარეს გადმოეცეს.
ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციითვე, მოკლულის მეუღლე დღეს დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა რა ეტაპზეა გამოძიება, ოჯახს ინფორმაცია არ აქვს. გინტურები ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან, რომელიც მოკლულის ცხედარსა და მის მანქანას ჩაუტარდა:
"გამოძიების შესახებ ჯერ არაფერი არ ვიცით. ჩემი ძმის მეუღლე დღეს არის დაკითხვაზე და ხვალ მეცოდინება ყველაფერი. გამოძიებას არაერი უთქვამს. მე, სავარაუდოდ ვინც მითხრეს და როგორც გავიგე ვინც არიან [მკვლელები], გამოძიებასაც ვუთხარი. მკვლელი არის იშჩენკო და დემიდოვი.
მკვლელობაც არის და მკვლელობაც, ჩემი ძმა ჩაცხრილეს, უკნიდან ჩაცხრილეს და ვინც ჩემი ძმა ჩაცხრილა ეს მკვლელები გადმოეცეს ჩვენს მთავრობას, ჩვენმა მთავრობამ გაასამართლოს.
დიდი მადლობა ევროპარლამენტს, ვინც ევროპარლამენტამდე მიიტანა ჩემი ძმის საქმე, ჩემი ძმის მკვლელობა. დიდ მადლობას ვუხდი და ვთხოვ, რომ ბოლომდე მიიტანონ გულამდე ჩემი ჩაცხრილული ძმის ამბავი. პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შეიძლება მკვლელები გადმოგვცენ" - ამბობს ნიკოლოზ გინტური.
ცნობისთვის, სოფელ კირბალთან რუსი ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს სასტიკად მოკლული საქართველოს მოქალაქის, 58 წლის თამაზ გინტურთან დაკავშირებით, საგანგებო რეზოლუციას ევროპარლამენტში ხვალ უყრიან კენჭს. ინიციატივა პოლონელ დეპუტატს, ანა ფოტიგას ეკუთვნის.
თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი 13 ნოემბერს მიენიჭა. პროკურატურამ უფლებამონაცვლედ მისი შვილი ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.