"მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა - ეს არ არის ახალი რუსეთისთვის" | მაიკლ კარპენტერი თამაზ გინტურზე

გამოქვეყნდა:

"მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, მაგრამ ეს არ არის ახალი რუსეთისთვის", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩი ეუთო-ში, მაიკლ კარპენტერი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს და რუსი ოკუპანტების მიერ 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება. 

"უპირველეს ყოვლისა, დავგმოთ ეს მკვლელობა. ეს მოვლენა, რომელიც ამ ბოლო დროს მოხდა, 2008 წლის ომის შედეგია, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორია მიითვისა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში საქართველოს მიწებს იერთებს. ვიცით, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და ოკუპირებულ აფხაზეთშიც ძალიან მძიმე სიტუაციაა. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ნამდვილად გვიჩვენებს, რას ნიშნავს საერთაშორისო ნორმების დარღვევა, მაგრამ ეს არ არის ახალი რუსეთის ფედერაციისთვის", - ამბობს კარპენტერი.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.  დოთიაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გინტურის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ 2008 წლის ომის მონაწილე, მაიორი გინტური ნიკოლაი იშჩენკომ მოკლა, რომელიც ცხინვალში დისლოცირებული რუსი სამხედროა. საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით დუმს. 

კირბალში მოსახლეობა თავს კვლავ დაუცველად გრძნობს. 23 ნოემბერს, ისინი გიორგობის აღსანიშნავად წმ. გიორგის სალოცავში აპირებენ ასვლას, რომელიც ასევე საოკუპაციო ზოლს ემიჯნება. მოსახლეობა ამბობს, რომ რისკის მიუხედავად წინაპრების სალოცავზე უარს არ იტყვიან. ისინი გარანტიებს ხელისუფლებისგან ითხოვენ. 

ავტორი
ნათია გოგსაძე
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი