ტრაგიკული უბედური შემთხვევა ორთჭალაში. კალანდაძის ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილი მოზარდს შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ დაგვიდასტურა, რომ ტრაილერის მძღოლი დაკავებულია. შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
ცნობილია, რომ 16 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, სატვირთოს კი, რომელსაც მშენებლობაზე მძიმე ტვირთი მიჰქონდა, სიმძლავრე არ ეყო და მუხრუჭმაც უმტყუნა.
უკან დაგორებულმა რამდენიმეტონიანმა ავტომობილმა ათ მეტრზე მეტი უკონტროლოდ იმოძრავა, ჯერ ბავშვს შეეჯახა, შემდეგ განათების ბოძს და გაჩერდა. ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის, რომ სატვირთოებს ციცაბო აღმართზე ასვლა ხშირად უჭირთ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დატვირთულმა ავტომობილმა სახიფათო ვითარება შემქნა.