"მთის ამბები": ყაზბეგის მერი ფიზიკურად გაუსწორდა მოქალაქეს, რომელიც "კამარა ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

"მთის ამბები" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყაზბეგის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა ადგილობრივს, რომელიც მდინარე თერგზე "კამარა ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა 21 ნოემბერს, სოფელ არშაში, სამგლოვიარო ცერემონიაზე მოხდა.

"მთის ამბებს" თვითმხილველი უყვება, რომ მერმა მოქალაქეს ჯერ განმარტება მოსთხოვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის გამო, შემდეგ სხვების თანდასწრებით სახეში დაარტყა და დაამცირა.

გამოცემა აქვეყნებს პოსტს, რომელიც კაცმა ინციდენტამდე Facebook-ზე დაწერა:

"ვინც ხევის მიწა-წყლის დაყიდვას არ ეთანხმება და „კამარა ჰესის“ პროექტს მხარს არ უჭერს, სამსახურებიდან გაშვებით ემუქრებიან ეს უტვინოები. არბოლებენ თავის ხელის ბიჭებსა სოფლებში. ამათი დანდობა და გათვალისწინება აღარ შეიძლება, სუყველა გამყიდველი ნაძირალა მხილებული უნდა იქნეს".

"მთის ამბები" წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის შესახებ ინფორმაცია აქვს ყაზბეგის პოლიციას, მომხდარზე გამოძიება ფორმალურადაც კი არ არის დაწყებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაკურ ავსაჯანიშვილი, ვიდრე მას მერად აირჩევდნენ, 2012-2020 წლებში ყაზბეგის პოლიციის უფროსი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

"ადგილობრივი აქტივისტების ცნობით, ყაზბეგის მერი "კამარა ჰესის" პროექტს აქტიურად ლობირებს და მისი დავალებით ამ პროცესში ჩართულნი სხვა საჯარო მოხელეებიც", - წერს გამოცემა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი