ევროპარლამენტმა ეროვნულ პარლამენტს დაასწრო და მიიღო რეზოლუცია საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარები გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, ისინი მიმართავენ ევროპულ საბჭოს, შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესდეს სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები.
"ქართული ოცნება" ამბობს, რომ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ:
"ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, თუ რას ნიშნავს ყველა ბერკეტი ამას მარტივად დაინახავთ. ჩვენ გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმს, ამაში ღრმად იყავით დარწმუნებულები, მე შემიძლია ეს ნამდვილად დაგპირდეთ, რომ ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ. იმას, რაც შეეხება ოპოზიციის კეკლუცობას, კიდევ ერთხელ გეუბნებით, სწორებად ნუ გააკეთებთ ისეთ ძალებზე, რომლებიც არიან ცრუპენტელები, პოლიტიკურად კურსი არ ესინჯებათ ამ ადამიანებს", - თქვა ღუდუშაურმა.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ტრაგედიაა, რომ საქართველოს პარლამენტს გინტურის საქმესთან დაკავშირებით არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
"ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ ის, რომ საქართველოს პარლამენტი სერიოზულ ნაბიჯს არ დგამს ამ მიმართულებით, ქვეყანაში რუსული გავლენების ზრდის კიდევ ერთი მაგალითია.
"სამარცხვინო და სავალალოა, რომ ევროპარლამენტი ასწრებს ეროვნულ პარლამენტს გამოხატოს თავისი მკაფიო პოზიცია ამ სასტიკ მკვლელობასთან, ფაქტობრივად მშვიდობიანი ადამიანის დახვრეტასთან დაკავშირებით", - ამბობს "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.