"ქართული ოცნების" კიდევ ერთი ბიზნესმენი წევრი გორის საკრებულოში - გურამ კორინთელმა გორის წარმომადგენლობით ორგანოში გიორგი სოსიაშვილი ჩაანაცვლა.
პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად, გურამ კორინთელს რამდენიმე აქტიური ბიზნესიც აქვს და დოკუმენტებით დგინდება, რომ 3 კომპანიას ხელმძღვანელობს - შპს "გლობალ იმპორტს," შპს "ბეღელსა" და "მეგა დეველოპმენტს."
კორინთელი ბოლო წლებში მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასობით ათასი ლარი აქვს მიღებული. მკვლევრები და ოპოზიცია კორუფციის ნიშნებზე საუბრობს.
"გურამ კორინთელმა კომპანია შპს "მეგა დეველოპმენტი" დააფუძნა 2020 წლის 13 ნოემბერს და ამ კომპანიამ მოიგო გორის მერიის ტენდერი დაფუძნებიდან ხუთ დღეში. ხოლო შემდეგ დღეებშიც, კერძოდ, კომპანიის დაფუძნებიდან 2 კვირაში, მასთან ჯამში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გააფორმა 3 ხელშეკრულება. გამოცდილების არ ქონას ხელი არ შეუშლია გორის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, რომ დაეწყო გურამ კორინთელის კომპანიასთან თანამშრომლობა და გაეგრძელებინა," - ამბობს ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკას" დირექტორი, გვანცა დოლუაშვილი.
თავად კორინთელი კი ამტკიცებს, რომ ყველაფერი "კანონის ჩარჩოებში" ხდება და აღნიშნავს, რომ საკრებულოს წევრი მოულოდნელად გახდა.