მოსამართლე სასამართლო კლანის წინააღმდეგ - ნინო გიორგაძე სარჩელს ამზადებს. ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს სისტემას ,,შაბათის მთავარს’’ უყვება როგორ სჯის კლანი იმ მოსამართლეებს, რომლებიც მის ინტერესებში არ შედიან. იუსტიციის საბჭომ მისი სამოსამართლეო კარიერა დაასრულა და უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. გადაწყვეტილება ერთხმად ისე გამოიტანეს, რომ მოსამართლეს არც კი განუმარტეს რა გახდა ამის მიზეზი. საბჭოს შეფასების დოკუმენტი ჯერ არ გაუსაჯაროებია. ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილება 1-ლი დეკემბრიდან შეუწყდება.
სავარაუდოა, რომ კლანმა პრობლემად ნინო გიორგაძის ის გადაწყვეტილება მიიჩნია, რომელიც მათთვის სენსიტიურ თემაზე იყო. რამდენიმე თვის წინ გიორგაძემ სოციალური სამართლიანობის ცენტრის აქტივისტების სარჩელი განიხილა, რომლითაც ისინი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის დაფინანსების საკითხის გადახედვას ითხოვდნენ. მოსამართლემ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - დისკრიმინაციად მიიჩნია მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის დაფინანსება და ეპარქიას ყოველწლიურად 400 ათასი ლარიანი დახმარება გაუუქმა. პრობლემებიც ამის შემდეგ დაიწყო.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კლანი მოსამართლეს გადაემტერა მისი საჯარო აქტიურობაა. ნინო გიორგაძე ერთ-ერთი იყო მოსამართლეთა იმ მცირე ჯგუფიდან, რომელმაც ღიად გააპროტესტა საერთო სასამართლოებში შეტანილი ცვლილებები. მაშინ სხვების მსგავსად გიორგაძეც თვლიდა პარლამენტმა გადაწყვეტილება სასამართლო ხელისუფლების ჩართულობის გარეშე მიიღო. მოსამართლემ მაშინ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და კლანი ღიად გააკრიტიკა.