"23 ნოემბერს გიორგობა იყო, სანთლის ასანთებად ასულან და დაუკავებიათ" - აცხადებენ აძვში, ოკუპანტების მიერ გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებზე საუბრისას. გატაცებულია სამი ადამიანი. ერთ-ერთის დედა ამბობს, რომ მისი შვილი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი შეიტყო, რომ ის გატაცებული იყო - სანთლები უნდა ავანთო დედაო, წავიდა და იქიდან წაუყვანიათ. ველოდებოდი, რო არ მოვიდა მოვიკითხე და მერე მითხრეს - ამბობს ქალი.
არსებული ინფორმაციით, გატაცებულები არიან მამა-შვილი ხვიჩა და გიორგი კორინთელები და მათივე თანასოფლელი გიორგი მელაძე.
მორიგი გატაცების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. სუს-ის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს, თუმცა როდის მოხდა ფაქტი, არ აკონკრეტებს.
სახელმწიფო მომხდარს 2 დღის განმავლობაში მალავდა და ოფიციალური განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც "მთავარმა არხმა" ინფორმაცია მოიპოვა.
ტაძრის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი ოკუპანტებმა 2013 წელს დადგეს.